საქართველოში მოქალაქეების 60% აცრილი უნდა იყოს

21 იანვარი 2021, 11:16 1038 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ვაქცინაციის ეროვნული გეგმა უკვე მზად არის და დღეს დამტკიცდება. 

გიორგი გახარიას თქმით, დღეს საქართველო ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად მზად არის.

''ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ვაქცინაციის ეროვნული გეგმაზე. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 15 დეკემბერს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ. ექსპერტებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, სახალხო დამცველმაც. 

დღეს, ჩვენ უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში, მინიმუმ, აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების 60%. ამ ძირითად მიზანთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის ეტაპობრიობას და მიზნობრივ ჯგუფებს. 

პირველ ეტაპზე ქვეყანაში აიცრებიან ის  მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკი ქვეშ არინ. ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდეგ უკვე  60-დან 75 წლამდე  მოქალაქეები. 

ამ გეგმის შემუშავებას აქვს დიდი მნიშვნელობა. საქართველო ევროპელ პარტნიორებთან ერთად არის გაწევრიანებული კოვაქს პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ვაქცინის მოწოდებას და საქართველომ უკვე განაცხადა, დაახლოებით 5-6 თვის წინ ამ  პლატფორმაზე თავისი მიზანი, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში მოწოდებული იყოს მილიონ ნახევარი დოზა ვაქცინა. თანხაც გადარიცხულია და მთავარი მიზანი ახლა გახლავთ, ტექნიკურ დონეზე, ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად ამ მოცულობის ვაქცინაციიის ჩასატარებლად ერთი წლის განმავლობაში. 

მოგეხსენებათ, რომ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ ფაქტობრივად მზად ვართ, უახლოეს პერიოდში ეს ვაქცინაცია დავიწყოთ.

გარდა ამისა, მთავრობა აგრძელებს მოლაპარაკებებს ორმხრივ რეჟიმში მწარმოებელ კომპანიებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს არის პრინციპული პოზიცია, როგორც ჩვენი, ასევე ევროპელი პარტნიორების და ეს არის ზრუნვა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და მათ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი