სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის თხოვნით პრემიერ-მინისტრს ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის "დაიცავი მთის კურორტები", საერთო წერილით მიმართავს.
ისინი გიორგი გახარიას მთის კურორტების გახსნისკენ მოუწოდებენ და აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ მასთან შეხვედრას ითხოვენ.
მათი განმარტებით, თუ კურორტები პირველი თებერვლიდან არ გაიხსნება, სეზონი ჩავარდება.
"ბატონო გიორგი, თითქმის ორი თვეა სხვადასხვა ორგანიზაციების და ასოციაციების წარმომადგენლები აქტიურად ხვდებიან სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოს თუ სახელისუფლებო ჯგუფების წარმომადგენლებს სხვადასხვა საქმიანი წინადადებებით და არგუმენტებით, რათა ხმა მივაწვდინოთ იმ რგოლებს და დავარწმუნოთ, რომ აუცილებელია ამუშავდეს მთის კურორტები. კვალიფიციური კვლევა ჩატარდა სამთო-სათხილამურო კლუბ „გუდაურას“ და „პოლსპორტის“-ის მიერ, ამ მიმართულებით; ზედმიწევნით, რიცხვებში არის ყოველივე გამოანგარიშებული, რომ სრული რეგულაციების დაცვით, იქნება ეს საბაგირო გზების გახსნა თუ ადგილობრივი ბიზნესების ამუშავება, არის სრულიად უსაფრთხო, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ეს გახლავთ თბილისში არსებული პარკები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები თუ სასურსათო მაღაზიები, ან თუნდაც საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ჩვეულებრივად გრძელდება ლიფტების თუ სადარბაზოების გამოყენება.
საკითხი ძალიან ვრცელია და ბევრ ასპექტს მოიცავს, ამიტომ დეტალების წერით არ გადავტვირთავთ წერილს, მხოლოდ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი თუ სხვა, რეკომენდაციის გამცემი პირები არ არიან საკითხში ჩახედულნი და არც იხარჯება ამისთვის დრო. ამიტომ, გვინდა გთხოვოთ შეხვედრა, რომ საშუალება მოგვეცეს, თქვენი ჩართულობით, პირადად მოგახსენოთ და გაგაცნოთ, იქნება ეს ზემოთ აღნიშნული კვლევის შედეგები თუ ზოგადი ინფორმაცია, თუ რაოდენ უსაფრთხოა კურორტების ამუშავება. უნდა ვიჩქაროთ, თუ პირველი თებერვლიდან არ გაიხნება კურორტები, გადაჭარბების გარეშე შიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და წლების განმავლობაში აგურ-აგურ ნაშენები ბიზნესი, კატასტროფისთვის და სრული განადგურებისთვის იქნება განწირული. იმედი გვაქვს თქვენი კეთილგონიერების, რომ ფრთხილად და დაკვირვებით მიუდგებით საკითხს. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად გამონახავთ დროს ჩვენთან შესახვედრად. პატივისცემით, „დაიცავი მთის კურორტები“ - დამფუძნებელი გიორგი სალუქვაძე „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია“ - ხელმძღვანელი მაია ბიჩიკაშვილი ტრაფიკ თრაველი - მმართველი ცოტნე ჯაფარიძე, სამთო-სათხილამურო კლუბი „გუდაურა“ - დამფუძნებელი შალვა აბრამიშვილი „პოლსპორტი“ - დამფუძნებელი შოთა ნათაძე “ინნ ჯგუფი” - მმართველი ერეკლე კოკაია ამხანაგობა New Gudauri Lofts - წარმომადგენელი ეკა ანდღულაძე “ჯგუფი Visit Gudauri” - დამფუძნებელი ბექა ზაქაიძე"-წერია საერთო განცხადებაში.