"სოხუმს არ სჭირდება დახმარების მიღება თბილისიდან, რათა მოხდეს ტყეში არსებული ხანძრის ლოკალიზება,"-ასე უპასუხა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა სერგეი შამბამ ოფიციალური თბილისის მზაობას, დახმარებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ლიკვიდაციაში. ირწმუნება, რომ ხანძრის ლოკალიზებას დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა საკუთარი ძალებით აპირებს.
მანამდე კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ვერტმფრენითაც სთავაზობს.
როგორც თეა ახვლედიამა განმარტა, მიმდინარე ოკუპაციის რეჟიმში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური წვდომა ოკუპირებულ რეგიონებზე. გაგრაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაციაც გახდეს საჭირო, რადგან დასახლებულ ადგილებთან ახლოსაა ხანძარი.