პატრიოტთა ალიანსის პარტიულის სიის მე-8 ნომერი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შედის. ამის შესახებ მან ღია წერილი გამოაქვეყნა. წერს, რომ ქვეყნის ინტერესების, პირადი და დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას იღებს. ამბობს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება.
დავით ზილფიმიანი “პატრიოტთა ალიანსის” სიაში უპარტიოდაა მითითებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, საპარლამენტო მანდატებზე უარი “პატრიოტთა ალიანსმაც” თქვა.
თუმცა აღმოჩნდა, რომ პატრიოტთა ალიანსის პარტიულ სიიდან ოთხ წევრს არ მიუმართავს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ესენი არიან დავით ზილფიმიანი, სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე, სიის მე-5 ნომერი გელა მიქაძე და მე-7 ნომერი ფრიდონ ინჯია. ზილფიმიანამდე ავთანდილ ენუქიძემ უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.