ხმების დათვლისას გამოყენებული იყო სერბული მოდელი, რაც ბათილი ბიულეტენების​ დათვლასაც გულისხმობს - სამართლიანი არჩევნები

25 დეკემბერი 2020, 13:45 1197 ნახვა

„ისფედის“ გამგეობის წევრმა, თამარ სართანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვილის (PVT) მეთოდოლოგია პერიოდულად იცვლება და ამჟამად აღებული იყო, მოდელი რომლითაც ერთ-ერთი ბოლო არჩევნები ჩატარდა, კერძოდ სერბეთში 2020 წლის ივნისში.

„ეს არ არის ქართული ნოუჰაო, ეს არის აპრობირებული მეთოდოლოგია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და მუდმივად ხდება ამ მეთოდოლოგიის განახლება. კითხვა დაისვა ასეთი, საქართველოში ბათილ ბიულეტენებს ძალიან დიდი ხანია, არ ვითვლით და თუ „ისფედს“ ჰქონდა 2016 წელს განხორციელებული პარალალური დათვლა, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს სწორად დათვალა ფორმულამ და ახლა რატომ იყო შეცდომა ფორმულაში. საქმე იმაშია, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ემთხვევა 2016 წლის „სოფტს“, რადგან ოთხი წლის განმავლობაში ეს მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებში, იხვეწება, ემატება ფუნქციები, ანუ ყოველი შემდგომი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ PVT-ს, არამედ ყველაზე ბოლოს, სადაც იყო ეს PVT გამოყენებული. კომისიის მოკვლევით, სწორედ ამის გამო მოხდა „სოფტის“ დაფუძნება ისეთი ქვეყნის PVT-ის „სოფტზე“, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლებოდა საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლის გაანგარიშებით. ასეთი არის სერბეთი, სადაც არჩევნები ჩატარდა 2020 წლის ივნისში. როგორ ხდება PVT-ის მეთოდოლოგიის პროცესი, ვინ არის ორგანიზაციაში პასუხისმგებელი? კომისიამ მოიკვლია, რომ „ისფედი“ PVT-ის არ აკეთებს დამოუკიდებლად, ეს არის „ისფედის“ პასუხისმგებლობით, თუმცა ამისთვის ქირაობს NDI-ის ექსპერტებს და მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე უბნების შერჩევას. NDI გარკვეულწილად ეხმარება, მხარს უჭერს „ისფედს“ მონაცემების ანალიზში, თუმცა საბოლოო პროდუქტზე პასუხისმგებელია „ისფედი“, რადგან ის არის დამკვეთი ამ პროცესის. ამ პროცესის დროს მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამიტომ ვინც არ უნდა წერდეს პროგრამულ „სოფტს“, თუ სწორი დავალება არ მიაწოდე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, პროგრამულ „სოფტს“ ვერ დაწერენ. პროგრამამ აღმოაჩინა, რომ იყო შემდეგი ხარვეზი – ლოგიკური ამოცანების ნუსხა „ისფედმა“ მიაწოდა NDI-ის ექსპერტებს, თუმცა წერილობით არ იყო ინფორმაცია მიწოდებული იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა“, – განაცხადა სართანიამ.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი