პოლიციამ კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა, 1 არასრულწლოვანი კი ამხილა - ბრალდებულები მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან ფარულად  72 500 ლარს დაეუფლნენ

17 დეკემბერი 2020, 10:26 1220 ნახვა

სამართალდამცველებმა ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 1991 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს. პოლიციამ ამავე ფაქტებზე 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის ინტერნეტბანკის მსგავსი - ე.წ. ფიშერული გვერდი, რომელიც ბმულის სახით გაავრცელა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. იგი ინტერნეტმომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეები ტყუვდებოდნენ და ფიშერულ გვერდზე, შესაბამის ველში შეჰყავდათ საკუთარი ინტერნეტბანკის პირადი მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ცნობილი ხდებოდა რ.ნ.-სთვის. აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა.

ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს - ო. ა.-ს და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს.

ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, ჯამში, 72 500 ლარს.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი