ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
კლინიკა ბიემსი-ში ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში სამი პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. უტარდებათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილიდან მგზავრის ამოსაყვანად, მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრაც მოუხდათ.
ამ დროისათვის გზა გადაკეტილია და ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია. მძღოლებს საშუალება აქვს ალტერნატიული გზით ისარგებლონ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.