„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია, მათი მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს - ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2020, 14:23 1162 ნახვა

შედგა კომუნიკაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელთან, ეკა გიგაურთან, რომლისგანაც მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ორგანიზაციის საარჩევნო აქტივობებთან დაკავშირებით, მათ შორის, მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ხმის პარალელური დათვლა, ანუ PVT არ ჩაუტარებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.

"ორგანიზაცია აკვირდებოდა საარჩევნო პროცედურებსა და ხმის დათვლის პროცესს რამდენიმე ასეულ უბანზე, სადაც წარგზავნილი ჰყავდა საკუთარი დამკვირვებლები.

მოხარული ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელთ არსებული მონაცემები დაემთხვა ცესკო-ს შესაბამის მონაცემებს. ჩვენ მივესალმებით ორგანიზაციის ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით.

აქვე კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ PVT-ის მნიშვნელოვანი ასპექტი. PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკო-ს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, გაასაჯაროოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც თითქოსდა ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ ოქმების დათვლა, ეს არის მთლიანად უბნებზე საარჩევნო ხმების დათვლა.

ირაკლი კობახიძემ დილით გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა „საერთაშორისო გამჭვირვალობასაც“, თუმცა ეკა გიგაური მონაცემებს მალავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი