ე.წ. ძველბიჭურ ვენდეტას აქვს ადგილი - ოპოზიცია ბათუმში აქციის მონაწილეების დაჯარიმებაზე 

10 დეკემბერი 2020, 11:31 1619 ნახვა

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა, დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ აქციის რამდენიმე მშვიდობიანი მონაწილე პოლიციამ დააჯარიმა, ისე რომ მათ სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ და არც დაკავებულები ყოფილან. 

ბონდო თედორაძის განცხადებით საუბარია, კახა მიქელაძესა და მინდია ცინცაძეზე. მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს საჯარიმო ქვითარი რამდენიმე დღის წინ გადასცეს. 

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს არის ერთგვარად დაშინების მცდელობა. 

ბოდნო თედორაძე აცხადებს, რომ ,,სახალხო გენინსპექციის'' ფარგლებში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი საკითხის გამოსაძიებლად პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს მიმართავენ. 

''ფაქტია, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით პოლიცია გადმოსულია აშკარა აგრესიაზე, პროვოცირებასა და უსამართლო ქმედებაზე. 

ვიცით, რომ აქციის მშვიდობიანი მონაწილეები კახა მიქელაძე და მინდია ცინცაძე საერთოდ არ ყოფილან დაკავებული, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაიბარეს სასამართლოში და გადასცეს ჯარიმის ქვითრები, თითქოს და ისინი როდესღაც უწევდნენ პოლიციას წინააღმდეგობას. შესაბამისად ამ ქმედების გამო დაჯარიმდნენ. ამ პიროვნებებს არც  სამართალდარღვევის ოქმი არ ჩაბარებიათ და არც გაცნობიან მათი მხრიდან რა ქმედებას ჰქონდა ადგილი. 

ფაქტი ერთია, რომ პოლიციას აქვს დავალებული, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე ზემოქმედება მოახდინონ, ასევე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ იმ ხალხზე, რომლებიც აქციაზე დადიან. 

ეს ქმედებები პირიქით შეუბრუნდება პოლიციას. ,,სახალხო გენინსპექციის'' ფარგლებში შექმნილია ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ ფაქტებზე მუშაობენ. რა გადაცდომას ექნება ადგილი პოლიციის მხრიდან. ამ ორი  პიროვნების ეპიზოდში ფიგურირებს ერთი და იგივე პოლიციელი რეზო ხარაზი, ფაქტებიც გვაქვს ჩვენ, სადაც ის ძალადობს აქციის მონაწილეებზე, აგრესიულად იქცევა. ეს ეპიზოდი იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც ,,სახალხო გენინსპექცია'', აუცილებლად მიმართავს განცხადებით პროკურატურას, გამოიყენებს სასამართლოზე მტკიცებულებების სახით და ჩვენ დავიწყებთ გამოძიების მოთხოვნას კონკრეტულ პოლიციელზე. 

ჩვენი განცხადება, რომ ,,სახალხო გენისპენქცია'' დააკვირდება  აღნიშნულ ფაქტებს, სამართალდამცველებისთვის ვერ აღმოჩნდა პრევენციული ღონისძიება, მათგან ე.წ. კრიმინალურ, ძველბიჭურ ვენდეტას აქვს ადგილი. 

აბსოლუტურად არანაირ  ეპიზოდს არ ქონია ადგილი სადაც ეს პირები პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, დაკავებულებიც არ ყოფილან. დღეს კი გვაქვს პოლიციისგან შემდგარი ფაქტი, რომ  თითქოს აღნიშნულმა პირებმა სამართალდარღვევა ჩაიდინეს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ახირებული ქმედება, რომელიც მას საპირისპიროდ დაუტრიალდება'' - განაცხადა ბონდო თედორაძემ. 

აჭარის მაუწყებელი შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა და კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი