აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა

04 დეკემბერი 2020, 20:05 1629 ნახვა

არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულია, შესაბამისად ცნობილია აჭარის ახალი უმაღლესი საბჭოს დაზუსტებული შემადგენლობა.

საბჭოს 21 სავარძლიდან 14-ს ქართული ოცნება იკავებს, 7-ს კი ნაციონალური მოძრაობა.

უმაღლესი საბჭოს პერსონალური შემადგენლობა, დავიწყოთ ქართული ოცნებით, რომელსაც პარტიული სიით 11 მანდატი ერგო.

შესაბამისად სიის პირველი 11 წევრი შევიდა უმაღლეს საბჭოში, თუმცა თორნიკე რიჟვაძე, რომელიც სიის პირველი ნომერი იყო, კვლავ აჭარის მთავრობას უხელმძღვანელებს და უმაღლეს საბჭოში არ შევა. ისევე როგორც სიის მე-2 ნომერი - ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო სიაში მე-4, თინათინ ზოიძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდება, შესაბამისად უმაღლეს საბჭოში მათ ადგილებს  პარტიული სიის მომდევნო 3 წევრი დაიკავებს, კიდევ 3 ადგილი კი მაჟორიტარებისაა, - სამივე ოცნების წევრია. 

საბოლოოდ უმაღლეს საბჭოში ოცნების კორპუსი ასეთი იქნება: უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის თავმჯდომარე დავით გაბაიძე, გიორგი მანველიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ნადიმ ვარშანიძე,ფატი ხალვაში, დავით თედორაძე,ლადო მგალობლიშვილი, დავით ბაციკაძე, მარინე გვიანიძე, ილია ვერძაძე და ლაშა სირაბიძე, და, მაჟორიტარი დეპუტატები; ტიტე აროშიძე, ცოტნე ანანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე - სულ 14 მანდატი, რაც კონსტიტუციური უმრავლესობაა.

ქართული ოცნების გარდა, 2020-ის არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა მოხვდა, მართალია პარტია აცხადებს, რომ საბჭოში არ შევა და თვეზე მეტია ქუჩის აქციებს აწყობს, თუმცა ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ გაუფორმებია.

გუშინ  ბოლო ვადა იყო, როდესაც პარტიას უსკოსთვის შეეძლო სათანადო განცხადებით მიემართა, თუმცა ეს არ გაუკეთებია, და ამდენად, ნაციონალური მოძრაობა უმაღლეს საბჭოშია, კერძოდ– 7 წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე,გია აბულაძე, მედეა ვასაძე,ლევან ანთაძე,ირაკლი ჩავლეიშვილი და მამული სურმანიძე.

თუკი ისინი საბოლოოდ გადაწყვეტენ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგი შანსი ამის გასაფორმებლად უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომაზე ექნებათ, მას შემდეგ რაც საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ და მას საბჭოდან გასვლის შესახებ განცხადებით მიმართავენ.

მანამდე კი შანსი, რომ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ მაინც რჩება, როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში, - მხარეები ჯერ კიდევ აანონსებენ, რომ იქნება მათ შორის მოლაპარაკების მე-3 რაუნდი, და ასევე თორნიკე რიჟვაძემ გუშინ განაცხადა, რომ კვლავაც მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, თუკი ეს უკანასკნელი კონსტრუქციულ ტონალობაში გადაიყვანს კომუნიკაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი