ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 25 წუთით ადრე გავიდა, მგზავრები ბაქანზე დარჩნენ

23 ნოემბერი 2020, 11:50 6614 ნახვა

22 ნოემბერს ბათუმის რკინიგზის სადგურიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 25 წუთით ადრე გავიდა. მგზავრთა ნაწილმა დედაქალაქში გამგზავრება ვერ მოახერხა 

''საქართველოს რკინიგზა'' აცხადებს, რომ შეცვლილი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე განათავსეს, თუმცა მგზავრები პერსონალურად არ გაუფრთხილებიათ.

მათივე განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც ბილეთები რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ შეძენილი, სავარაუდოდ, გაფრთხილებულები არ ყოფილან. კომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებს ბილეთის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

საქართველოს რკინიგზის 9 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რკინიგზა ცვლის მატარებლების მოძრაობის გრაფიკს. ''მათ კი, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ'' - წერია განცხადებაში. 

ბოლო ინფორმაცია კი რკინიგზის ოფიციალურ ვებგვერდზე 19 ნოემბერს არის გამოქვეყნებული, სადაც წერია, რომ ბათუმი-თბილისი სადგურიდან მატარებელი 20 ნოემბერს 15:00 საათზე გავა.

ახალი განრიგით გავა მატარებელი ბათუმიდან დღესაც. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში