ცხელების ცენტრებთან რიგებია - მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის ჩასაბარებლად საათობით რიგში დგომა უწევთ 

20 ნოემბერი 2020, 14:25 4050 ნახვა

მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის ჩასაბარებლად საათობით რიგში დგომა უწევთ. დილიდან რიგია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსთან.

ლანა შანთაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ყვება, რომ კლინიკასთან ათის ნახევარი მივიდა, თუმცა ჯერ ტესტი არ ჩაუბარებია.

მოქალაქე ირწმუნება, რომ ადამიანები საავადმყოფოში ურიგოდ, ნაცნობობით შეჰყავთ. ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ კლინიკის მუშაობასთან დაკავშირებით და პერსონალის დამატებას ითხოვენ.

''დილით მოვედი და უკვე 61 ვიყავი რიგში. ამის შემდეგ 21 ადამიანი ძლივს გავიდა, ერთი კუთხიდან მის ნათესავებს ეძახიან, მეორედან ნაცნობებს. ზოგი ამბობს სხვაგან მივდივარო და შედის. ეს არის განუკითხავობა. სამი საათი სჭირდება კოვიდის ანალიზის აღებას? ვითხოვთ ნორმალურად მოგვემსახურონ, დაამატონ კადრები.  ვიცი, რომ იღლებიან, მაგრამ მეც სამი თვის შვილი მყავს დატოვებული. სიმპტომები მაქვს, ზურგი მტკივა, მაღალი ტემპერატურა მქონდა ორი დღის წინ. ოჯახის ექიმს დავუკავშირდით და გვეუბნებიან, რომ ცხელების ცენტრში უნდა მივიდეთ ტესტირებაზე'' - ამბობს ლანა შანთაძე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ურიგოდ მხოლოდ ორსულები და ის მოქალაქეები შედიან, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ასევე პირები, რომლებსაც ულტრაბგერითი გამოკვლევა სჭირდებათ და არა ტესტირება. 

ციური აბულაძე ამბობს, რომ დატვირთვა დიდია და თუ პროცესში სხვა პოლიკლინიკებიც არ ჩაერთო, საავადმყოფო და მედპერსონალი ვერ გაუძლებს. 

''ხალხის ნაკადს რაც შეეხება, ინფექციურ საავადმყოფოში მართლა ძალინ დიდი ნაკადი მოდის. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია პანდემიით და ასევე იმიტომ, რომ ხალხი არის შეშინებული. მოსახლეობას ვუხსნით, რომ ოჯახიდან, როცა მოდის 4 და 5 კაცი,  ყველა არ უნდა გაიტესტოს, საკმარისია ოჯახიდან  მოვიდეს ის ვისაც აქვს ცხელება და კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. დადასტურების შემთხვევაში უსიმპტომოები უნდა იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ ხალხი შეშინებულია და უნდათ ანალიზის  აღება. 

რაც შეეხება ინფექციურზე ასეთ ზეწოლას ალბათ ორშაბათიდან პოლიკლინიკებიც ჩაერთვებიან პროცესში და განიტვირთება ჩვენი კლინიკა. წინააღდეგ შემთხვევაში მართლა ვერ გავუძლებთ, იმიტომ რომ  მედპერსოლიც  ფაქტიურად ძალიან გადაღლილია და  შეუძლებელს აკეთებს და ლაბორატორიაც ანალოგიურ მდგომარეობაშია. 

დღეში მინიმუმ 200 პაციენტს ვემსახურებით. ექიმმა პაციენტი უნდა ნახოს, გასინჯოს, გაესაუბროს - ახლა რაც ჩვენთან ხდება ფაქტიურად შეუძლებელია.  ცხელების ცენტრი თითქმის შევსებულია. იწერებიან და ისევ ივსება'' - უთხრა მაუწყებელს ციური აბულაძემ. 

 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი