დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩეველს პირველ ტურში გამოჩენილი აქტიურობისთვის, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და ხვალ აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისივე განცხადებით, აჭარის მთავრობა გააგრძელებას ფუნქციონირებას მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა" უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. მათ ამისთვის საკმარისი მანდატები აქვთ, როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებისთვის.
"ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში მინდა მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცედენტო აქტიურობისკენ, რათა ყველამ ერთად ვაჩვენოთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა. ეს არის წინაპირობა როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური დაძაბულობის და კრიზისის წინაპირობა.
რიგი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ხალხმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოებში, მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში და პატივისცემა ამომრჩეველის მიმართ. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ბარიერი გადალახა "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ და ასევე გადალახა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამომრჩევლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მათი ნება და თითოეული ხმა იყოს შესაბამისად რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილში. თუმცა ამ შემთვევაში რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, როგორც უმაღლესი საბჭოს ნაწილში, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობა" უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, რომ აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები არ შეექმნეს"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.