„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ბოლო ჩახმახი, თითქმის მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. ვაშაძის განმარტებით მისი განცხადება სწორედ ამ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა-ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
„დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების, დიპლომატიური წარმომადგენლების მეთაურების მიერ ჩაიშალა.
„ამ ადამიანებისგან ნებართვა არ მაქვს, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები და საელჩოები დავასახელო, მაგრამ დამიჯერეთ, ამ ადამიანებს საქართველოზე გული ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ფორმატი უნდა ცადოს.
"აღარ უნდა მივრბოდეთ ქართველები ჩვენი მთავარი მოკავშირეების დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან და ვეხვეწებოდეთ მათ ხელმძღვანელებს, რამენაირად ერთმანეთთან დაგვალაპარაკონ, იმიტომ რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. ეს უკვე კატასტროფაა.
გამოსავალი ამ ეტაპზე კი არის შემდეგი - საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი აღშფოთება, მაგრამ ასევე, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვცადოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს,"- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ვაშაძის განცხადებით, მას მარტო დარჩენის პრობლემა არ აქვს და მზად არის ყველას დაუპირისპირდეს.
"თავმჯდომარის პოსტი კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ, ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და სულ არ მაქვს პრობლემა, ყველას დავუპირისპირდე"-განაცხადა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს მის მიერ გაკეთებული განცხადება პარტიის პრესცენტრთან და თანაგუნდელებთან არ შეუთანხმებია.
10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.