აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

04 ნოემბერი 2020, 13:33 1618 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ მოქალაქეები, რომლებმაც ღამე სკვერში გაათენეს, საკვებს მიირთმევდნენ, სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ფანჯრებიდან კი ფოტოებს უღებდნენ. აღნიშნულ ფაქტს მათი გაღიზიანება მოჰყვა.

სიტუაციის განმუხტვას პოლიცია შეეცადა.

''ის ადამიანები, რომლებიც გუშინ აქ დარჩნენ საკვებს მიირთმევდნენ, გამოდიან და ფოტოებს უღებენ, მერე ეს სხვადასხვა ტელევიზიების საშუალებით  ვრცელდება და ქილიკობენ. ვფიქრობთ, ჭამა სირცხვილი არ არის'' - აცხადებს ''სტრატეგია აღმაშენებლის'' ერთ-ერთი ლიდერი. 

ერთ-ერთი მოქალაქე აჭარის მაუწყებელს უყვება, რომ დაპირისპირების დროს პოლიციელმა მას იდაყვი დაარტყა. 

''პოლიციელები ცუდად და არასწორად იქცევიან. ხელის იდაყვის მორტყმით იფიქრა, რომ შემაჩერებდა, რამაც ჩემი პროტესტი გამოიწვია. თითქოს ჩემს შეშიენაბს ცდილობდა. მესმის, რომ პოლიცია მძიმე მდგომარეობაშია და ისინი უკანონო დაკვეთებს ასრულებენ, რადგან დღეს ჩვენ კანონიერი ხელისუფლება არ გვყავს. ისინი უზურპატორებს ემსახურებიან. აქ გაბრაზებული ადამიანები დგანან'' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

აჭარის მთავრობის სახლთან ერთი კარავია გაშლილი. აქტივისტების ნაწილმა ღამე იქ გაათენა. დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში