ბათუმის 79-ე საოლქო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრები განიხილეს

03 ნოემბერი 2020, 10:33 1429 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრები განიხილეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული 35 საჩივრიდან განიხილეს სულ 9 საჩივარი, 15 საჩივრის ავტორს კი წერილობით ეცნობა, რომ უსაფუძვლობის გამო მათი საჩივარი არ განიხილებოდა. 4 საჩივარი განუხილველი დატოვეს.

სხდომაზე განხილული 9 საჩივრიდან დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე ამბობს, საჩივრები კენჭისყრის დღის პროცედურებს ეხებოდა. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, უშანგი მიქელაძემ, მან პროცესს ცირკი უწოდა.

მიქელაძის პროტესტი გამოიწვია კომისიის წევრების მხრიდან მისი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობამ, ის ითხოვდა, რომ გაეხსნათ კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნი, მან ეს საკითხი რამდენჯერმე დააყენა სხდომაზე, როგორც თავად მიქელაძე ამტკიცებს კომისიას არ სურს კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნის გახსნა იმიტომ, რომ იქ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის ეშინიათ.

საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ირწმუნება, რომ უშანგი მიქელაძის მხრიდან აღნიშნული პროტესტი ემსახურებოდა ხმაურის გამოწვევას, დაუსაბუთებელი იყო მისი მოთხოვნა და არ იყო საჭიროება კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნის გახსნა.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების მიღება დღეს დასრულდება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი