საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულია 57 კლინიკა და საჭიროების შემთხევაში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.
''ამ ეტაპისთვის პოსპიტალებში მკურნალობას გადის 4209 პაციენტი. მობილიზებული არის 4619 ადგილი და იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომლებიც დღეს ჩართულები არიან კოვიდპანდემიის, მართვაში და ასეთი არის 57 კლინიკა, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ დამატებით მობილიზაცია გავუკეთოთ 6016 საწოლს. არსებობს გარკვეული გეგმა, რის შედეგადაც ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ დამატებით 15 საავადმყოფო, შესაბამისად 2000-ზე მეტი საწოლფონდით'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყურადღება მახვილდება კოვიდინფექციის გეოგრაფიულ გადანაწილებაზე და სწორედ ამის მიხედვით ხდება კლინიკების კოვიდმართვის სისტემაში დამატება.
„მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების ლოკალიზება და განთავსება ხდება რეგიონში პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე, პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად, ამ შემთხვევაში, ისინი პაციენტთან ერთად ატარებენ დახურულ სივრცეში ოთხ საათს შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს შეიცავს ძალიან დიდი რისკებს. ამიტომ, გადანაწილება იქნება აუცილებლად თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაშია გაწერილი“, – განაცხადა ტიკარაძემ.