შსს-მ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 ოქტომბერი 2020, 17:42 1220 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, დედაქალაქში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, 17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ "FELLERS"-ში  კანონით გათვალისწინებული დარღვევების განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რაზეც სამინისტროს აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ  საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.

გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში - სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრიდან თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი