ჟურნალისტი​ აფგან მუხთარლი თბილისში ჩამოდის

09 ოქტომბერი 2020, 11:45 1117 ნახვა

დღეს, 9 ოქტომბერს, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ჩამოდის. ორგანიზაცია „უფლებები საქართველოდან“ ​ინფორმაციით, მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ის ასევე გააკეთებს განცხადებას მედიისათვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს.

''საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს. ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

აფგან მუხთარლის ინტერესებს საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“) იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს'' - აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი