პოლიციამ თემურ შუბითიძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი დააკავა

07 ოქტომბერი 2020, 10:34 1350 ნახვა

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, 1991 წელს დაბადებული თემურ შუბითიძე ​მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, კუთვნილი ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ. მათ თემურ შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული თემურ შუბითიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მას დაუდგინდა სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა და ჩაუტარდა გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი