არანაირ მკაცრ შეზღუდვებს, ჩაკეტვებს ადგილი აღარ ექნება - პრემიერი

17 სექტემბერი 2020, 15:23 2345 ნახვა

პრემიერის განცხადებით, არანაირ მკაცრ შეზღუდვებს, ჩაკეტვებს ადგილი აღარ ექნება. გიორგი გახარიას განცხადებით ბიზნესი არ უნდა შეშინდეს, მთავრობის ახლანდელი პოლიტიკაა, რომ წერტილოვნად, ლოკალურად ებრძოლოს ვირუსის გავრცელებას.

პრემიერის განცხადებით, ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და ეკონომიკის აღდგენის პროცესი მკაცრი შეზღუდვების დაწესებით არ უნდა შეაფერხოს.

"პირველ ეტაპზე მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი, რომ  გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ჩვენი ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმიტომ, რომ ცოდნა ვირუსთან ბრძოლის მაშინ მსოფლიოში არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის გავრცელებასთან მიმართებაში დრო უნდა მოგვეგო.

ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს მსოფლიოში ვირუსთან ბრძოლის მხრივ ცოდნა ბევრად უფრო დიდია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას მიუხედავად მსგავსი ციფრებისა ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება.

დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად, ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. 

დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია ელემენტარული წესების დაცვის გარეშე და ეს წესებია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა.

დღეს უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ციფრებმა არ უნდა შეგვაშინოს და ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე წარმატებით მიმდინარეობს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში