ბათუმში ტუროპერატორები, გიდები და მძღოლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

10 სექტემბერი 2020, 17:23 2878 ნახვა

ბათუმში ტუროპერატორები, გიდები და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მთავრობის სახლამდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ გასწიეს დიდი დანახარჯები ახალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რის შემდეგაც ვერ ახერხებენ მუშაობის გაგრძელებას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უნდა გაუწიოს შესაბამისი დახმარება ტუროპერატორებს და გიდებს, რომლებმაც დიდი დანახარჯი გაიღეს ხელისუფლების მიერ დადგენილი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

"ბანკებთან ვრჩებით პირისპირ, უმუშევარი. მანქანებს გვართმევს ბანკები, დავკარგეთ სამუშაო ადგილები, ოჯახები გვყავს მშიერი. ეს ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება არასკმარისია, ვინ აიღო ისიც არ ვიცით. დაახლოებით 3000-მდე მანქანა ვემსახურებოდით ბათუმში ტურისტებს დამოუკიდებლად და არაფერში მთავრობა არ დაგვეხმარა. ამ აქციით გვინდა ვთქვათ, რომ მთავრობამ გააკეთოს ისეთი რეგულაციები, რომ არც თვითონ და არც მოსახლეობა არ დაზარალდეს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროტესტო მსვლელობაში 100-მდე ავტომობილი იღებს მონაწილეობას. აქცია "ლელო საქართველოსთვის" ორგანიზებით განხორციელდა. იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვება აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი