სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ დროებით ჩაიკეტა

02 სექტემბერი 2020, 16:54 2869 ნახვა

ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“ დროებით ჩაიკეტა. სასტუმროში ამ ეტაპზე დამსვენებლების მიღება შეჩერებულია, ხოლო სასტუმროში მყოფი პირები ტერიტორიას არ ტოვებენ.

სასტუმროს დროებით ჩაკეტვის მიზეზი ექიმთა პოსტ დიპლომურ კონფერენციაზე მყოფი ექიმი გახდა, რომელსაც ტემპერეტაურა დაუფიქსირდა. სასტუმროს მენეჯერის ინფორმაციით, მას პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ახლა განმეორებითი ტესტირების პასუხს ელოდებიან რის შემდეგაც ეპიდემიოლოგების რჩევის მიხედვით იმოქმედებენ.

ადგილზე იმყოფება აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფიც. მათი ინფორმაციით, სასტუმროს ჭიშკარი დაცვის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთით გახსნეს, ტერიტორია კონფერენციის მონაწილეებს დაატოვებინეს და სასტუმროში ტურისტთა ახალი ნაკადიც შეუშვეს, თუმცა მალევე დაცვის თანამშრომლებმა კარები დახურეს და ვიზიტორებს განუცხადეს, რომ სასტუმროში კორონავირუსი დადასტურდა.

სასტუმროს მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ვიზიტორთა უკმაყოფილება მოყვა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ვიზიტორებს სასტუმროს დატოვება სურთ, რის საშუალებასაც მათ დაცვის პოლიცია არ აძლევს.

რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამ დროისთვის სასტუმროში 900-მდე ადამიანი რჩება.

აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, სასტუმროში მყოფ ყველა პირს ჩაუტარდება PCR ტესტი. მათივე განცხადებით, აღნიშნული ქალის ინფიცირების წყარო ცნობილია,  იგი ქუთაისში დაზუსტებული შემთხვევის კონტაქტია. მასთან ახლო კონტაქტში მყოფ 5 პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

„ოაზისში" დაგვიდასტურდა ერთი ახალი შემთხვევა და შესაბამისად, ეს პაციენტი გადაყვანილია ცხელების ცენტრში. ასევე მათთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირების მიმართაც განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრი, მედიკოსებთან ერთად მუშაობენ, რომ მოხდეს ყველას იდენტიფიცირება, გატესტვა. რაღაც პერიოდი ამ ადამიანების მიმართ იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიება გატარებული, ტესტის პასუხების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში