სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას თავისი შენიშვნები და რეკომენდაცია მიაწოდა, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიიდან თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს 21 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება თეონა თურმანიძისთვის სატელევიზიო წამყვანობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, ასევე სახალხო დამცველის რეკომენდაციაა აღადგინონ სამსახურში 11 მაისს დათხოვნილი მალხაზ რეხვიაშვილი, განაცდური პერიოდის კომპენსირებით, და ბოლოს, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების სრულად განხორციელების პირობები შეექმნას თეონა ხარაბაძეს.
სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციაში წერს, რომ ტელევიზიის ადმინისტრაციამ სამომავლოდ თავი უნდა შეიკავოს განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირის წევრობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან.
მაუწყებლის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ დეტალურად გაეცნობიან სახალხო დამცველის სქელტანიან დასკვნას და სათანადო მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ.