თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ხოლო ერთი იმპორტირებულია.
„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახლავთ 1341 დადასტურებული შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია, 2 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი, ხოლო ორზე გრძელდება კვლევა წყაროს დადგენის მიზნით. გამოჯანმრთელებულები გაგვეზარდა მხოლოდ ოთხით. იყო 1088 და 1092 გახდა. ამ მონაცემების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 232 დადასტურებული შემთხვევა'' - ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისივე განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.
''232 დადასტურებული შემთხვევიდან სიმძიმეების პროფილი ასეთია: 6 არის კრიტიკული პაციენტი, ისინი კოვიდ ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით, 22 მძიმე პაციენტია", - უთხრა ჟურნალისტებს თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
დღეს, 17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი აჭარაშია. ორი კი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება.