ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება - პრემიერი

12 აგვისტო 2020, 16:24 1652 ნახვა

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კორონავიუსრ ეფექტურად ებრძვის. გიორგი გახარიას განმარტებით, მოსახლეობა შემზღუდავ ღონისძიებებს გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან ეს შეზღუდვები განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვით.

„ვირუსი არსად გაქრება და როგორც ჩანს, მსოფლიო უნდა მიეჩვიოს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის მართვა, რასაც ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა. ჩვენ ამის ეფექტურად კეთებას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო ვირუსის მართვის წარმატებული ისტორიაა. ეს უნდა გავაგრძელოთ მიუხედავად, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება.

შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები, რათა ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. ორ ფრონტზე ვიბრძვით: ჯანმრთელობა და ეკონომიკური აღორძინება. შეუძლებელია, რომელიმე ცალკეულ ფრონტზე გამარჯვება. როდესაც შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ და იძულებული ვართ, ისეთი შეზღუდვები დავაწესოთ, როგორიც, მაგალითად ახლა მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც. ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთან დაკავშირებულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი