მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით - გიორგი გახარია

12 აგვისტო 2020, 11:10 1461 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით სვანეთში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. მისივე განცხადებით, დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში.

​"მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია.

გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 ჩვენი მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, 7700 ადამიანი გვყავს საკარანტინე სივრცეებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინე სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინე სივრცეებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი