სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაუსწრებლად პასუხისგებაში მიეცა.
პროკურატურის განცხადებით, ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. უწყების ცნობით, ექიმმა, ისე წარმართა ოპერაცია, რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ორთოპედია - ტრავმატოლოგია.
ასევე, მათივე ინფორმაციით, მან ოპერაციაზე დაიხმარა პირი, რომელიც საავადმყოფოში კონსულტანტად მუშაობდა და არც ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი არ ჰქონდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს ტკივილები განუახლდა, ექიმმა კი მეორედ ოპერაციის ჩატარებაზე იმ არგუმენტით დაიყოლია, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და ოპერაციას ისევ მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ოპერაცია მეორედაც იმავე პირებმა ჩაუტარეს, მისი მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.