უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა. ინფორმაციას „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. პირველი აგვისტოდან ამოქმედებული ახალი კლასიფიკაცია ადგენს ე.წ. მწვანე და წითელ ზონაში მყოფ ქვეყნებს.„წითელ ზონაში“ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე ის ქვეყნები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 14 დღეში 30%-ით გაიზარდა.
ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, 31 ივლისის მონაცემებით, „მწვანე ზონაში“ ხვდება შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ბელარუსი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვენია, ეგვიპტე და იტალია. ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასული მოქალაქეები თვითიზოლაციას არ გადიან და კორონავირუსის ტესტის გაკეთებას არ საჭიროებენ.„წითელ ზონაში“ კი მოხვდა საქართველო, უნგრეთი, ჩინეთი, გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, საფრანგეთი, რუსეთი... ამ ქვეყნებიდან უკრაინაში ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14 დღის იზოლაციაში გატარება მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. წითელი და მწვანე ზონის ქვეყნების ჩამონათვალს ყოველ შვიდ დღეში ერთხელ განაახლებს.