თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ალიბი – აცხადებს პრემიერ მინისტრი. გიორგი გახარიამ ასე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა.
„ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის. საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს, უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, სხვა იურიდიული ფორმები არსებობს'' - განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, ხომ არ შეიწყალებს რურუას პრეზიდენტი. გიორგი გახარია ასე პასუხობს: ''შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემთვის, მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია“,- აცხადებს პრემიერი.