შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს. ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
''მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.