ევროკავშირის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა და ეფექტურად აღკვეთა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელება - დავით ზალკანიანი

30 ივნისი 2020, 21:29 1289 ნახვა

მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შედეგადაც საქართველო 14 "მწვანე ქვეყანას" შორის მოხვდა,რომელსაც ევროკავშირი 1 ივლისიდან საზღვარს გაუხსნის.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთა და რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი, რაც არაერთხელ დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით“, – აცხადებს მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, შეინარჩუნოს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების არსებული სურათი, რათა პირველ რიგში დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შეინარჩუნოს  ქვეყნის პოზიტიური იმიჯი მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზე.

მინისტრის ინფორმაციით, ქართული მხარე გააგრძელებს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს, რომ შეთანხმებულად მოხდეს მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა. 

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, რათა ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება ორივე მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ. 14 ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში