ბათუმიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

19 ივნისი 2020, 12:22 4667 ნახვა

ბათუმის ცხელების ცენტრიდან დღეს გამთენიისას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს. 41 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

"ბათუმიდან ერთი პაციენტი დაგვემატა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ორი დღის წინ გადმოკვეთა თურქეთის საზღვარი. საკარანტინო სივრცეში იყო. გუშინ ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა და ტესტირების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა ნადირაძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ქალი აჭარის მკვიდრი არ იყო. ის მეზობელ ქვეყანაში მუშაობდა და ბათუმში ორი დღის წინ დაბრუნდა. საკარანტინო სივრცეში მხოლოდ ერთი დღე გაატარა, შემდეგ კი მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყო. პირველი ტესტი საეჭვო იყო, შემდეგ კი პისიარ კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა. 

სამინისტროს წარმომადგენლებს ვკითხეთ, რატომ გადაწყდა კოვიდინფიცირებულის სხვა ქალაქში ტრანსპორტირება? უწყებაში გვითხრეს, რომ ქუთაისის კლინიკაში გადაყვანა თავად პაციენტის სურვილი იყო. 

 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში