ბათუმში, ცოტა ხნის წინ დასრულდა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე საყოველთაო განხილვა. კორონაპანდემიის პირობებში იგი ამჯერადაც დისტანციურად წარიმართა. მოსახლეობა მას ტელეეთერიდან უყურებდა, კითხვებს კი ინტერნეტის საშუალებით სვამდა. განხილვაში არც ამჯერად მონაწილეობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები.
ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, ვინაიდან 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ და გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებას აპროტესტებენ. განხილვაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ ონლაინინტერაქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.