პირი, რომელიც ცნობით დაადასტურებს, რომ პირბადის ტარებას ვერ შეძლებს ჯარიმა არ დაეკისრება - ანრი ოხანაშვილი

11 ივნისი 2020, 10:50 1988 ნახვა

პირი, რომელიც სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით დაადასტურებს, რომ ვერ შეძლებს პირბადის ტარებას, მას ჯარიმა არ დაეკისრება. აქ უნდა მოხდეს რაიმე ალტერნატიულ სერვისებზე შეჯერება. ამის შესახებ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ისიც არ უნდა დავუშვათ, რომ პირი შესაძლოა რისკ ჯგუფში, ან ვირუსის მატარებელი იყოს და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე მოხვდეს. მისივე განმარტებით, ამ საკითხებზე პარლამენტი და სამინისტრო მუშაობას გააგრძელებს.

"ეს არის საკითხები, რომლებსაც ჩვენი გუნდი დაარეგულირებს, დაარეგულირებენ კონკრეტული სამინისტროები. სოციალურად დაუცველებთან მიმართებითაც იყო საუბარი ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ შეიძინოს პირბადე, ამ მხრივაც მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ მათთვის გარკვეული ოდენობის პირბადეების დარიგება მოხდეს.

მესმის ძალიან რთულია აბიტურიენტებისთვისაც რამდენიმე საათის განმავლობაში პირბადის ტარება, თუმცა ეს საკითხიც მიმდინარე რეგულირების პროცესშია. გამოცდებამდე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და გვექნება ყველანაირად დაბალანსებული რეგულაციები, რომელსაც გაწერს მთავრობა. ჩვენ ამ პროექტით შემოგვაქვს პირბადის საკითხი, ცალკე გამოყოფილი და შესაბამისად უნდა მოხდეს 20 ლარის ოდენობით, თუ პირი ამ წესს არ დაიცავს"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გუშინ პარლამენტმა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 500 ლარით. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი