დღეს დახურულ სივრცეში არსებული რესტორნებიც გაიხსნა 

08 ივნისი 2020, 13:13 2454 ნახვა

დღეიდან საქართველოში რესტორნების და კაფეების დახურული სივრცეებიც გაიხსნა. ერთი კვირით ადრე, 1 ივნისიდან მუშაობა განაახლეს ღია სივრცის მქონე კაფეებმა და რესტორნებმა. ყველა მათგანს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. ეს იქნება მაგიდებს შორის დისტანცია თუ კვების ბლოკთან დაკავშირებული რეგულაციები. 

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივ კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება  უნდა უზრუნველყონ ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით. 

რაც შეეხება მენიუს, დოკუმენტში წერია, რომ რეკომენდირებულია სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.

რესტორნების მეპატრონეები, რომლებსაც მცირე ზომის ობიექტები ჰქონდათ, ამბობენ რომ მუშაობა გაუჭირდებათ, რადგან დისტანციის დაცვის გამო, მაგიდების რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდათ. 

რაც შეეხება შედარებით დიდი რესტორნებს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ფასები არ გაუძვირებიათ, თუმცა პროდუქტების ღირებულება ბაზარზე გაზრდილია. ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე ამბობს, რომ მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ და ახალ სისტემაზე გადასვლა არ გასჭირვებიათ, თუმცა რესტორნების დიდ ნაწილში სტუმრების მისაღებად საჭირო მაგიდების რაოდენობა შემცირებულია. 

''ახალი რეკომენდაციებით ორმეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო, შესაბამისად აღარ იქნება იმდენი მაგიდა რამდენიც იყო. ამ ეტაპზე მომსახურება არ გაგვიძვირებია, მაგრამ პროდუქტებზე ფასი ძალიან გაზრდილია. რამდენხანს არ ვიცით, მაგრამ ჯერ-ჯერობით იგივე ფასები გვაქვს დატოვებული. 

საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ სტრუქტურა გადაგვეწყო. ფაქტიურად ჯერ არ იყო რეგულაციები გამოცხადებული, ჩვენ თვითონ მივხვდით რომ ახალი წესებით მოგვიწევდა მუშაობა და მზადება დავიწყეთ. ერთ-ერთი სირთულე კვების ბლოკს უკავშირდება. მაგალითად სამზარეულოში დასუფთავების მხრივ, ჭურჭლის რეცხვის კუთხით წესები, მე პირადად ისეც მქონდა აწყობილი. ასევე  მზარეულებს ეხურათ ქუდი და სპეციალური ფორმა ეცვათ. მაგრამ დაგვიმატეს პირბადის ტარება და ეს ძალიან რთულია. ალბათ რეკომენდაციების ნაწილს სამომავლოდ ისევ გადახედავენ. 

მხოლოდ ერთ რესტორანში 17 მაგიდა ავიღეთ, დისტანციას სხვანაირად ვერ დავიცავდით. 

ახალ რესტორანს, რომ ვხსნი ისეთი შეგრძნება მაქვს ახლაც, ყველაფერი ხელახლა არის დასაწყები, სულ თავიდან'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს თაკო დოლაბერიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში