საქალაქთაშორისო მგზავრობა აღდგა - ფასი არ გაზრდილა

08 ივნისი 2020, 11:43 2461 ნახვა

საქართველოში დღეიდან, 8 ივნისიდან, საქალაქთაშორისო მგზავრობა აღდგა. მძღოლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ფასი არ გაუძვირებიათ და ძველი ტარიფით მუშაობენ.

აჭარის მაუწყებელი ბათუმი-ქობულეთის სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს ესაუბრა. მათი თქმით, მგზავრობის საფასური არ გაზრდილა, თუმცა მოქალაქეთა ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია. 

''სამი თვე ვისვენებდით და დღეს განვაახლეთ მუშაობა. რეკომენდაციებს ვასრულებთ. პირბადის გარეშე არ ვუშვებთ მოქალაქეს და 10 კაცით ვმგზავრობთ'' - აცხადებენ მძღოლები.

ბათუმი-ქობულეთის სამარშუტო ხაზის დირექტორის განცხადებით, მგზავრობის ღირებულება კვლავ ორი ლარია.

რეზო ხინიკაძის ​ თქმით, მგზავრების სიმცირის გამო, მიკროავტობუსები სრული დატვირთვით არ მუშაობენ და 40 ნაცვლად, ამ ეტაპზე 20-22 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს.

ახალი რეგულაციით, მიკროავტობუსებში დაუშვებელია ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანა, ასევე მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს. 

მოქალაქეებს უნდა ეკეთოთ პირბადე. 

კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქალაქთაშორისო მიმოსვლა 24 მარტს შეწყდა.

ავტობუსებით და მიკროავტობუსებით მგზავრობის 8 ივნისიდან განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 27 მაისს მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში