დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივამ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის თაობაზე როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ უკმაყოფილება გამოიწვია. იდეის ინიციატორი ამბობს, რომ მედიასივრცე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მომხრეების პოლემიკისგან შედგება, სხვა ალტერნატიული ხედვები კი ჩახშობილია.
თუმცა ჩაიდება თუ არა საარჩევნო კოდექსში ინიციატივა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან, ფასიანი რეკლამის აკრძალვას პოლიტიკური სუბიექტების თითქმის უმრავლესობა არ ეთანხმება. წინასაარჩევნო რეკლამა ორი სახეობისაა – უფასო პოლიტიკური რეკლამა, რომლის საშუალება არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს და ამის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, და ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომლისთვისაც პარტიები თანხას თვითონ იხდიან.