მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებისათვის - მთავრობა

14 მაისი 2020, 17:34 474 ნახვა

უსაფრთხო დერეფნები, ტურისტული მწვანე ზონები და სტანდარტები ტურიზმის სექტორის სუბიექტებისთვის - პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის ამოქმედებისთვის აუცილებელ დეტალებზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან. საელჩოებს მიღებული აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ისინი სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან ამ მიმართულებით აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ. დღევანდელი მონაცემებით, 20-ზე მეტმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა ინტერესი და მზადყოფნა, საქართველოში ფრენა 1-ლი ივლისიდან, ეტაპობრივად აღადგინოს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის ტექნიკური დეტალები და სტანდარტები, რომელთა დაცვა სავალდებულოა როგორც აეროპორტების, ისე ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სექტორში მოქმედი ყველა სუბიექტის მხრიდან. ამასთანავე, მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება ე.წ მწვანე ზონებად განსაზღვრული ტურისტული ლოკაციებისთვის. აღნიშნული სტანდარტები კერძო სექტორს მომავალ კვირას წარედგინება.

"საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, ამუშავებას და საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას ისე, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე სტუმრების ჯანმრთელობას და უზრუნველყოს უსაფრთხოების იმ წესების ზედმიწევნით დაცვა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბის პანდემიის ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია"-განაცხადა შეხვედრაზე გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში