ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის მაია მერკვილაძის საჩივარი საკუთარი დამსაქმებლის წინააღმდეგ. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაუქმებული თანამდებობის დროებით აღდგენას ითხოვს.
მრჩეველთა საბჭოს 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა მაუწყებლის სხვადასხვა სამსახურის უფროსის მოადგილის 6 შტატი. თანამშრომლები, რომლებიც მოადგილეების შტატებს იკავებდნენ, სხვა პოზიციებზე გადაინიშნენ. მათ შორის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე იგივე თანამდებობრივი სარგოთი, უვადოდ გადაინიშნა რადიოს რედაქტორად. ის ახლაც ამ პოზიციაზე მუშაობს. საშტატო განრიგის ცვლილების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელდა საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკა, კერძოდ, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი არცერთ სხვა ტელევიზიასა და რადიოში არ არის.`
მაია მერკვილაძის განცხადებით, საჩივარი ეხებოდა მრჩეველთა საბჭოს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობას. მისივე თქმით, ეს იყო პროცესუალური, ტექნიკური საკითხი, რომელიც აქტის მოქმედების შეჩერებას გულისხმობდა, თუმცა სასამართლო ჯერ დავის შინაარსის განხილვაში არ შესულა.
მაია მერკვილაძე ამბობს, რომ დავა შინაარსობრივ ნაწილში გრძელდება.
"მაუწყებელთან მე მაქვს შრომითი უფლებების დარღვევის ნაწილში დავა რამდენიმე მიმართულებით და იმედი მაქვს, რომ პირველი პროცესი არ მოახდენს გავლენას მასზე, რადგან არანაირ კავშირში არაა დავის შინაარსთან"- განაცხადა მაია მერკვილაძემ.
მაია მერკვილაძის შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის დროებით აღდგენის თაობაზე ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ხოლო შემდეგ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.