დღეიდან 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება უწყდება

01 მაისი 2020, 11:13 6531 ნახვა

დღეიდან 56 პოლიკლინიკასა და ამბულატორიას სახელმწიფო დაფინანსება უწყდება. საუბარია ბათუმში თბილისსა, და ქუთაისში  მდებარე სამედიცინო დაწესებულებებზე, რომელთაც 13 ათასზე ნაკლები ბენეფიციარი ჰყავთ. გადაწყდა, რომ სახელმწიფო პროგრამაში თბილისის მასშტაბით 117, ქუთაისსა და ბათუმში 20 პოლიკლინიკა და ამბულატორია დარჩება. პირველადი ჯანდაცვის საბჭოს  დადგენილებაში გარკვეული ცვლილებაც შევიდა. მოსახლეობის რაოდენობასთან ერთად, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით გამონაკლისის სახით პროგრამაში დარჩა რამდენიმე ობიექტი, რომელთაც აღრიცხვაზე მხოლოდ 7 ათასი ბენეფიციარი ჰყავთ.მთავრობის მე-15 დადგენილების შეჩერებას ითხოვს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დოკუმენტი პირველად ჯანდაცვას დიდ დარტყმას აყენებს. გარდა ამისა უმუშევარი რჩება სამედიცინო პერსონალის ნაწილი.

ახალი რეგულაციების შემდეგ ბათუმში  შესაძლოა ორი დაწესებულება გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. საუბარია "ენმედიცსა" და "ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრზე". აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სხვა დაწესებულებები, რომლებთაც ყავთ 13 000-ზე ნაკლები ბენეფიციარი, წინასწარი ინფორმაციით, ისინი მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.

"გუშინ გაიმართა პირველადი ჯანდაცვის საბჭოს შეხვედრა, სადაც განხილული იქნა პოლიკლინიკების ჩამონათვალი, გამოიყო რამდენიმე პრობლემატური და გამოიყო რამდენიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მათთვის უპირატესობის მინიჭება იყო მნიშვნელოვანი. ეს კრიტერიუმი იყო გეოგრაფიული მდებარეობა, ასევე ბენეფიციართა რაოდენობა 13000-მდე, თუმცა 7000-ზე მეტი. ეს არის ის რაოდენობა, რომელიც სოლიდურ რაოდენობადაა მიჩნეული და რომელთა გადანაწილებას სხვა პოლიკლინიკებისათვის შეიძლებოდა პრობლემები შეექმნა. მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა. ბათუმში ასეთი გვაქვს სამი პოლიკლინიკა. მახინჯაურის პოლიკლინიკა გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით დარჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ასევე გვაქვს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი და საზღვაო ჰოსპიტალი, რომლებიც სავარაუდოდ გააგრძელებენ ფუნქციონირებას. მათი ბენეფიციარები 7000-ზე მეტია. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი იქნება სამშაბათს.

პრობლემატური პოლიკლინიკების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამოთიშვის შემთხვევაში ბენეფიციარები გადანაწილდებიან გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით, თუმცა პაციენტს პოლიკლინიკის შეცვლის უფლება სურვილის მიხედვით შეეძლება. სამედიცინო პერსონალის დეფიციტია ისედაც როგორც ოჯახის ექიმებში ისე ექთნებში და მათი უმუშევრად დარჩენა არ მოხდება"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ევექსის კლინიკაში ამბობენ, რომ ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არ გამოეთიშებიან, რადგან მათ ბენეფიციარების რაოდენობა 13 000-ზე მეტი ყავთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი