28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა.
პროფკავშირების ინფორმაციით, 2019 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 38 და მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მხოლოდ წელს, გარდაიცვალა 7 და მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული. ეს იმ ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში თვეზე მეტია ეკონომიკის სექტორების უმეტესობა არ მუშაობს. თუმცა, ამავე პანდემიის პირობებში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებული გამოწვევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან: ჯანდაცვის და კვების პროდუქტების მაღაზიებში დასაქმებულები, პოლიციის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები და ა.შ. კიდევ უფრო დიდი.
პროფკავშირების განცხადებით, კვლავ პრობლემას წარმოადგენს შრომის ინსპეტირების დეპარტამენტის მანდატის გავრცელება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე.
"იგი საერთოდ არ ეხება შრომით უფლებებს, მაშინ, როდესაც ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს. საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულვებელყოფითაა განპირობებული როგორიცაა: შვებულებით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური მუშაობა, ე.წ. ბიულეტენით ვერ სარგებლობა და ა.შ."-წერია განცხადებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებით, აუცილებელია გაძლიერდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი იმგვარად, რომ მან უსაფრთოებასთან ერთად მოიცვას შრომის უფლებებზე ზედამხედველობაც. მოხდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის სათანადაო საკადრო რესურსით აღჭურვა და ინსტიტუციური გაძლიერება, დაჩქარდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81, #155, #176 კონვენციების რატიფიცირება, რომელიც ადგენს შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა.