აჭარაში COVID-19-ზე 65 მოქალაქის ანალიზის პასუხს ელოდებიან 

13 აპრილი 2020, 11:39 2210 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში COVID-19-ზე 65 პირს იკვლევენ და პასუხებს ელოდებიან. მათ შორის არიან ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტები. როგორც ცნობილია ამ ეტაპზე ასობით გამოკვლეული პირიდან, ტესტზე დადებითი პასუხი 20 მოქალაქეს აქვს. ისინი კლინიკა მედალფაში მკურნალობენ. 

სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს ქობულეთის კლინიკის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიკოსების განმარტებით, მისი მდგომარეობა არ არის რთული. 

კლინიკაში კიდევ ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი მკურნალობს, საუბარია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანზე, რომელიც პაციენტთან კონტაქტის დროს დაინფიცირდა. ექიმების თქმით, მას საკონტროლო ტესტირება უტარდება და პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 

''ამ ეტაპზე სულ 25 პაციენტი გვყავს, 23 ვირუსი დადასტურებული აქვს. მათ შორის მხოლოდ ერთის მდგომარეობაა კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტთაგან 19 აქვს პნევმონია'' - უთხრეს აჭარის მაუწყებელს მედალფაში.  

ჯამში, ''COVID 19''-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. 

თავდაპირველად ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ბათუმის ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ის სოფელ გვარაში იყო სტუმრად. მოგვიანებით COVID-19 დაუდასტურდა მის 5 კონტაქტს, ისინი ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

გუშინ, 12 აპრილს, ქობულეთში 1608 პირს ჩაუტარდა თერმოსქრინინგი, აქედან 13 პირის მონაცემები ელექტრონულ ბაზაში მოხვდა, რადგან ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტიპის  ჩვილები ჰქონდათ.  მათზე ზედამხედველობა დაწესდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი