საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეაკავოს და ეკონომიკაზე ზიანი მინიმალური იყოს. როგორც თალაკვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
კერძოდ, იმსჯელეს პრევენციულ და სამკურნალო ღონისძიებებზე, შესაძლო ეკონომიკური გამოწვევების დაძლევასა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით აღებული პოლიტიკური ვალდებულებების შესახებ.
თალაკვაძის მტკიცებით, მთავრობას სამივე მიმართულებით დასახული აქვს გასატარებელი ღონისძიებები და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეაკავოს და ეკონომიკაზე ზიანი მინიმალური იყოს.
ამავე დროს დროულად მოხდეს დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხიც განიხილეს და მისი განცხადებით, თუ ამის საჭიროება იქნება, პარლამენტი მხარს დაუჭერს. მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ და რეკომენდაციები გაითვალისწინონ.