საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერჯერობით არ იგეგმება, - აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ამის შესაბამისი საფუძველი დღეის მდგომარეოობით არ არის.
ტიკარაძე განმარტავს, რომ მდგომარეობა მაშინ გართულდება თუ გამოჩნდება პაციენტი, რომლის ინფიცირების წყაროს ვერ აღმოაჩენენ, ანუ ვერ დაადგენენ ვისგან დაინფიცირდა იგი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებზე მაგთისა და ბილაინის ქსელიდან დაკავშირება უფასო გახდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გადაწყვეტილება სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.
ასევე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნუ მივლენ იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრების ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში.
12 მარტის [14 საათის] მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის იმყოფება 295 ადამიანი.