დეპუტატის ოჯახის არადეკლარირებული კომპანიები, შემოსავალი და ნაჩუქარი ბინები - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

02 მარტი 2020, 13:10 2817 ნახვა

"ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარ დეპუტატს, ანზორ ბოლქვაძეს დეკლარაციაში ოჯახში არსებული 4 ქონების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მითითებული, ასევე  7 ფაქტი, სადაც მისი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. ამასთან, გაირკვა, რომ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა აჭარის მთავრობის კუთვნილი შპს Goderdzi Resorts-ის  და ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 156,073 ლარი მიიღო," - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" მის მოკვლევაში წერს.

ორგანიზაცია შესაძლო დარღვევების გამოვლენის მიზნით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებს პერიოდულად სწავლობს. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონმდებლობის დარღვევაა. 

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა აჭარის მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარს, მის პოზიციას კომენტარის გაკეთების შემდეგ შემოგთავაზებთ, ანზორ ბოლქვაძემ გვითხრა, რომ გაეცნობა კვლევას. 

"ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, 2012 წლის 1 ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, ყოფილი მმართველი პარტიის რიგები დატოვა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ მაჟორიტარად იყარა კენჭი, ამჯერად „ქართული ოცნებიდან”.

სამეწარმეო საქმიანობის არადეკლარირებული ფაქტები

ანზორ ბოლქვაძე 2017 წლიდან რეგისტრირებული შპს „გოდერძი დეველოპმენტის” (ს/კ 402064458) 50% წილის მფლობელია. დეპუტატს წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. კანონდარღვევაა ისიც, რომ დეპუტატს აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობა დეკლარირებული არ აქვს.

შპს „გოდერძი დეველოპმენტში” ანზორ ბოლქვაძის თანამეწილე შპს „ჰელისკი ჯორჯიაა” (ს/კ 402035409). „ჰელისკი ჯორჯიამ” გამარტივებული შესყიდვებით 97,921.59 ლარი მიიღო, უმეტეს შემთხვევაში, შემსყიდველი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იყო, ხელშეკრულებების საგანი კი კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენის მომსახურების შესყიდვაა.  

კომპანიები, დეპუტატის ცოლის სახელზე

2019 წლის 1 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანზორ ბოლქვაძის მეუღლე, თინა ბოლქვაძე შპს „ფონი+“-ის (ს/კ 445411670) 100% წილის მფლობელია - დეპუტატის მეუღლე ამ კომპანიის მფლობელი 2012 წლიდანაა, თუმცა მაჟორიტარმა ამის შესახებ მხოლოდ 2019 წლის დეკლარაციაში მიუთითა.

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ დეპუტატის ცოლს აღნიშნული შპს-სგან შემოსავალი არ მიუღია, თუმცა კომპანიამ 2013-2019 წლებში, უმეტესად ხულოს შემსყიდველი ორგანიზაციებისგან, 4,000  ლარამდე ოდენობის გამარტივებული შესყიდვები მიიღო (CMR190043993, CMR130111876, CMR130105262, CMR130063683, CMR130048237).

გამოცემა „ბათუმელებმა” გაარკვია, რომ შპს „ფონი+“-ს ეკუთვნის სასტუმრო „ხულო“, რომელშიც საოფისე ფართი ა(ა)იპ-მ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ იქირავა ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2017-2020 წლებში. „ENPARD ხულოს“ პროექტის მენეჯერმა, გიორგი მურვანიძემ ანზორ ბოლქვაძის მეუღლის კუთვნილ სასტუმროში ფართის ქირაობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაუდასტურა. გაუგებარია, თუ რატომ არ ასახა ანზორ ბოლქვაძემ შპს „ფონი+”-სგან მეუღლის მიერ მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში.

2019 წლიდან, თინა ბოლქვაძე ასევე ფლობს „აისი გოდერძის” (ს/კ 448052473) 33.3%-ს. მანამდე წილს ანზორ ბოლქვაძის შვილი, ნოდარ ბოლქვაძე ფლობდა - მოცემული სამეწარმეო საქმიანობა დეპუტატის არცერთ დეკლარაციაში არ არის ასახული. 2017-2019 წლებში კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შპს „Goderdzi Resorts”-ისგან 136,028 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო," - წერია ორგანიზაციის ანგარიშში.

არადაეკლარირებული ქონება, დეპუტატის შვილის სახელზე

ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არ არის მითითებული შვილის, ნოდარ ბოლქვაძის სამეწარმეო საქმიანობა. ნოდარ ბოლქვაძე 2017 წელს რეგისტრირებული შპს გადახურვის სერვისის (ს/კ 402049225) და 2012 წელს რეგისტრირებული შპს „Replay Tbilisi”-ს  100% წილის მფლობელი და დირექტორია.

ნოდარ ბოლქვაძე 2015 წელს რეგისტრირებული შპს „ნიას” (ს/კ 402019631) 100% წილის მფლობელი და დირექტორიცაა. მოცემული კომპანიის მიერ 2016-2017 წლებში მიღებული გამარტივებული შესყიდვების საერთო თანხა 14,514 ლარია, შემსყიდველი კი უმეტეს შემთხვევაში აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტია (CMR160199130, CMR160199130, CMR160132959, CMR160129871, CMR160129871).

ამავდროულად, ნოდარ ბოლქვაძე შპს „ბი ემ სი”-ში (ს/კ 402015378) 50% წილის მფლობელია. ეს კომპანიაც 2015 წელს დარეგისტრირდა და 2015 და 2017 წლებში შპს „წალკაგაზისგან” ჯამში 1,571.9 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო (CMR150214420, CMR150139941).

არადეკლარირებული ქონება ანზორ ბოლქვაძის მეუღლის სახელზე

სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად, ანზორ ბოლქვაძეს 2019 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, თინა ბოლქვაძის ოთხი უძრავი  ქონება, საიდანაც ორის მესაკუთრე მაჟორიტარის მეუღლე ჩუქების საფუძველზე გახდა:

  1. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა 31, ბინა 41, ბათუმი (121.85 კვ.მ.);
  2. რუსთაველის ქუჩა 9, ხულო, სარდაფი (110 კვ.მ.);
  3. აბაშიძის ქუჩა 12, ხულო, სართული 2 (399.71 კვ.მ.) - უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებულია 30/05/2018-ში.
  4. სამტრედიის ქუჩა 50, თბილისი, ბინა 68, სართული 15, ორანჟერეა, ბლოკი A (84 კვ.მ.) - უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებულია  06/03/2017-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში