სწავლა არ გადაიდება - სამინისტრო სკოლებში ამკაცრებს სანიტარული ნორმების დაცვას

27 თებერვალი 2020, 13:43 3160 ნახვა

საქართველოში კორონა ვირუსის დადასტურებული ერთი ფაქტის შემდეგ, საზოგადოებაში ბევრი კითხვები გაჩნდა, შეწყდება თუ არა სწავლის პროცესი და რამდენად უსაფრთხოა ბავშვების სასწავლო დაწესებულებებში გაშვება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანგებო ბრიფინგი მოაწყო, სადაც განაცხადეს, რომ  კორონა ვირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტით და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

კერძოდ, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება

მონიტორინგი გაეწევა იმას, რომ სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით

• საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ.

• ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;

• ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;

სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;

• სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ.

• მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;

• დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები).

ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით.

• სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა.

• ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია.

• სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები.

• სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ.

• სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი