აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

14 თებერვალი 2020, 17:27 2249 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განცხადებას ავრცელებს, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

"აჭარის ტელევიზიის დირექტორის ბოლო პერიოდის განცხადებები, დაგეგმილი საკადრო ცვლილებები თუ თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოება წამოადგენს მენეჯმენტის მხრიდან კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე  ზეწოლასა და შევიწროებას. ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას, რომ მთელი ამ პროცესების რეალური მიზანი ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე სრული კონტროლის მოპოვებაა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ცნობით, დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, 13 თებერვალს  აცნობა, რომ სამსახურის უფროსების მოადგილეების შტატის გაუქმების  გეგმავს. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან 3-ის თანხმობის შემთხვევაში, ცვლილება შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძესაც, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. პარალელურად, დაწყებულია დისციპლინური წარმოება საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგაც. ამასთან, ტელევიზიის თანამშრომელთა ინფორმაციით, დირექტორი გადაცემა „ჰეშთეგის” ერთ-ერთ წამყვანს, მალხაზ რეხვიაშვილს მოუწოდებს, დატოვოს წამყვანის პოზიცია იმის გამო, რომ რეხვიაშვილი ტელევიზიაში შექმნილი ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარეა. რეხვიაშვილსაც მენეჯმენტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის წლის აპრილში მრჩეველთა საბჭომ დირექტორობიდან გაათავისუფლა ნათია კაპანაძე, ხოლო ახალ დირექტორად, ბევრი მცდელობისა და 6 თვის  შემდეგ, გიორგი კოხრეიძე აირჩია. ახალი დირექტორის არჩევის პროცესმა არაერთი კითხვა გააჩინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მაუწყებლის თანამშრომლებში, რომ შესაძლოა, პროცესი ხელისუფლებისგან ყოფილიყო მართული. კოხრეიძემ დირექტორობის პირველივე დღეს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა, მოგვიანებით წარადგინა რეორგანიზაციის გეგმა, რომელმაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია თანამშრომლების ნაწილში. მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო არასასურველი თანამშრომლების ჩამოშორებისა და ამ გზით სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. პარალელურად ახლა უკვე დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ზოიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე დირექტორის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა იმისთვის, რომ სარედაქციო პოლიტიკას ჩამოშორებოდა. მოგვიანებით მას ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ზოიძის ტელევიზიიდან წასვლა „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს (განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულ წევრებს), შეწყვიტონ მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა; ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღონ დისკუსიისა და ფართო კონსენსუსის საფუძველზე, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის არსებული უნდობლობა; ასევე, პასუხი გასცენ ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებიც  საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად იბრძვიან. მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ მათი უფლებები და აღმოვუჩინოთ სამართლებრივი დახმარება" - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

მაუწყებლის დირექტორმა მრჩეველთა საბჭოს საშტატო განრიგში შესატანი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. პროექტის თანახმად, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობები უქმდება, მათ შორის უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაც, რაც კონტრაქტის მიხედვით, სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. 

პარალელურად კი დაწყებულია დისციპლინარული წარმოება, საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგ, რაც შეიძლება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში