ზუგდიდი-თბილისის მატარებელს აბაშასთან ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის დროს ვაგონში მგზავრები იმყოფებოდნენ, თუმცა მატარებლიდან მათი ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან, ცეცხლი ლოკალიზებულია.
საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
"სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა"- ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.
მათივე განმარტებით, საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.