ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ეწევა და ქვეყანას აზიანებს - მმართველი გუნდი

14 თებერვალი 2020, 12:20 1350 ნახვა

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რეზოლუციის ჩავარდნაში ხელისუფლება ოპოზიციას, კონკრეტულად კი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ურეიტინგო ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ეწევა. 

"ჩვენ ყველა ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საზოგადოებას ნდობა არ აქვთ, საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ატარებენ. ბრუსელში, სტრასბურგსა და ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ოპოზიცია მოწადინებულია იმისთვის, რომ სახელმწიფო იმიჯს ვიწრო პარტიული ინტერესების გამო შეუქმნან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის იმიჯი არ დაზარალდეს" - განაცხადა ოხანაშვილმა. 

რაც შეეხება ლობისტურ კომპანებს, რომლებთანაც "ქართულმა ოცნებამ" ხელშეკრულება გააფორმა აშშ, ოხანაშვილის თქმით, ისინი მათ პარტნიორებს სწორ ინფორმაციას მიაწვდიან და ქვეყნის იმიჯის დაიცავს, ოპოზიციის ლობისტები კი ვიწრო პარტიული ინტერესებით აზარალებენ ქვეყანას. 

"მთავარი იცით რა არის?! ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ყავდა და ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ ლობისტურ ჯგუფებს ვქირაობთ და მათთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებისთვის" თქვა ოხანაშვილმა. 

ბოლო კვირის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ უკვე მეორე ლობისტური კომპანია დაიქირივა. გასულ წელს ლობისტურ მომსახურებაში ჯამურად 2,7 მილიონი დოლარი გადაიხადა, წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება უკვე მილიონ დოლარს აღემატება. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი